დასრულდა საფრანგეთში გამართული მეცის ტურნირი, სადაც შესანიშნავად იასპარეზა ადგილობრივმა ჟილ სიმონმა.
პირველ რიგში აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირის ტრიუმფატორ ჟილ სიმონს გამარჯვებისთვის 5 შეხვედრის მოგება მოუწია.
პირველ რაუნდში ჟირი ვესელი დაამარცხა, შემდეგ ფილიფ კრაინოვიჩი, ¼-ფინალში თანამემამულე რიშარ გასკეს გაუმკლავდა, ნახევარ ფინალში რადუ ალბოტს და რაც შეეხება ფინალს, მის პირისპირ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მათიას ბაჩინგერი წარსდგა.
მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერ ჟილ სიმონსა და 166-ე ჩოგან მათიას ბაჩინგერს შორის დაპირისპირება საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
დაძაბულობით პირველი სეტი გამოირჩეოდა, სადაც ჩოგბურთელებმა სეტის განმავლობაში თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს და შეხვედრა ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკზე ჟილ სიმონმა მეტოქეს მხოლოდ 2 გათამაშება დაუთმო და ანგარიშით 7:2 გაიმარჯვა.
რაც შეეხება მეორე სეტს, ფრანგმა ჩოგბურთელმა ინტრიგა დასაწყისიდანვე გააქრო, მოიპოვა პირველი სამი გეიმი, საბოლოოდ კი მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმის მოგების საშუალება მისცა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 7:6(2), 6:1, დააფიქსირა.